ზრუნვა არასრულწლოვან პრობაციონერებზე
2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა. შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა მიმართ ინიშნება.
შინაპატიმრობა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით ან პასუხისმგებელი პირის მოულოდნელი ვიზიტებით; ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი მდებარეობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფისში.

ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი


შინაპატიმრობის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს არასრულწლოვანთა მოხვედრას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. შინაპატიმრობის შემთხვევაში, სასჯელის ვადის მთელ პერიოდს არასრულწლოვანი ოჯახში გაატარებს, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას.



სარეაბილიტაციო პროგრამები არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის

პრობაციის ეროვნული სააგენტო ორიენტირებულია არასრულწლოვან პრობაციონერთა რესოციალიზაციაზე, რაც ხელს უწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ევროპული სტანდარტების დანერგვის შედეგად, პრობაციის სისტემაში არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთან მუშაობა მიმდინარეობს რისკებისა და საჭიროების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის მიხედვით.

სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის კვალიფიციურად წარმართვის მიზნით, სააგენტოში დაინერგა სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ინსტიტუტი. არასრულწლოვნებთან მომუშავე პრობაციის ყველა ოფიცერმა გაიარა სპეციალური გადამზადების კურსი.

სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგია გულისხმობს, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რისკებისა და საჭიროებების გამოვლენას, რაც სასჯელის სწორად დაგეგმვისა და აღსრულების პროცესისათვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას წარმოადგენს. გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, პრობაციის ოფიცერი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი არასრულწლოვნებს რთავს საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო და აღმზრდელობით პროგრამებში, აკავშირებს სხვადასხვა სერვისთან.

ინდივიდუალური მიდგომა ხელს უწყობს არასრულწლოვან პრობაციონერთა რეაბილიტაციას და მიმართულია მოზარდების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გააზრებისა და დამოკიდებულების შეცვლაზე. ასეთმა მიდგომამ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა შორის დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენციას შეუწყო ხელი.

კანონმდებლობის ლიბერალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომელიც პირველად ჩადენილ, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებას ითვალისწინებს. დაზარალებულთან მორიგების შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობებითა და უნარით დაზარალებულს ზიანი აუნაზღაუროს. განრიდების პროგრამაში პრობაციის ეროვნული სააგენტო მონაწილეობას იღებს სპეციალურად გადამზადებული სოციალური მუშაკების მეშვეობით, რომლებიც ამზადებენ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, განსაზღვრავენ სარეკომენდაციო პირობებს და განრიდების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ყოველთვიურად ახორციელებენ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები მოსამართლის მომართვის საფუძველზე ამზადებენ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს სასამართლოსთვის, რაც მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკები პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებას ახორციელებენ.

 

სარეაბილიტაციო პროგრამას ახორციელებს სპეციალისტი, რომელსაც გავლილი აქვს ტრენინგი

 

 

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა ხორციელდება ინდივიდუალური რისკებისა და საჭიროებების შეფასების შემდგომ, ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალბათობის შესაბამისად. სარეაბილიტაციო პროგრამები 6 მიმართულებად იყოფა. ესენია:

  • ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
  • დამოკიდებულებების დაძლევა
  • პროსოციალური ქცევის ფორმირება
  • განათლება
  • დასაქმება
  • ჯანმრთელობა, გაჯანსაღება

თითოეულ სარეაბილიტაციო პროგრამას ჰყავს განმხორციელებელი სპეციალისტი და ასევე, სამიზნე ჯგუფი. სარეაბილიტაციო პროგამებს ახორციელებს სპეციალისტი, რომელსაც გავლილი აქვს ტრენინგი და ფლობს მასალას სატრენინგო მოდულის სახით. სესიების ინტენსივობა განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. პროგრამაში მონაწილეობამდე ბენეფიციარს წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია ზოგადად პროგრამის შესახებ და ასევე, განემარტება, რა არის პროგრამაში მისი მონაწილეობის მიზანი.


პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ტარდება შემდეგი ფსიქო–სარეაბილიტაციო პროგრამები


  • ტრენინგი ოჯახური ძალადობის შესახებ ძალადობის რაობა, მსხვერპლისა და მოძალადის მახასიათებლები, ძალადობის ამოცნობა და რეფერირება ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე
  • მოძალადესთან და მსხვერპლთან თერაპიული მუშაობა
  • ტრეფიკინფის მსხვერპლთა დაცვა და თანადგომა
  • ცხოვრებისეული ფასეულობები
  • დანაშაულის გაცნობიერება
  • კონფლიქტების მართვა - ასერტული ქცევა
  • მომავლის დაგეგმვა
  • ადამიანის უფლებების, მოწყვლადი ჯგუფებისადმი ტოლერანტობის განვითარება

განათლება/სამოქალაქო განათლება

  • ინდივიდუალური საგანმანათლებლო კურსი, თანასწორთა განათლება
  • ტრენინგი ადამიანის უფლებების შესახებ: არასრულწლოვნებისთვის ადაპტირებული ვერსია „კომპასიტო“
  • პროექტების წერა

 

კინოთეატრში

 

დასაქმება

  • დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება/პროფორიენტაცია
  • "ნატახტარის პროგრამა" - დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება

ჯანმრთელობა და გაჯანსაღება

  • პროგრამა - ცხოვრების ჯანსაღი წესის ტრენინგი (არასრულწლოვნებისათვის და სრულწლოვნებისათვის)

 

 

არასრულწლოვანი პრობაციონერები ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევენ

FaceBook Twitter Google