პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნა

 

პირობითი მსჯავრის გაუქმება, მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნა და ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხის განხილვა

 

პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც განიხილავს პრობაციის ბიუროს შუამდგომლობას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

მუდმივმოქმედი კომისია, პირის მომართვისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე ასევე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედის გასვლა.

 

მუდმივმოქმედმა კომისიამ ჩაანაცვლა სასამართლო რგოლი მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის საკითხში.

 

მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა

 

მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან როგორც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სავალდებულო პირობები პირობითი მსჯავრის გაუქმებისათვის

 

პირობითი მსჯავრის გაუქმება შეიძლება შეეხოს მხოლოდ იმ პირობით მსჯავრდებულს, რომელსაც გასული აქვს გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, ასევე,  შესაძლებელია მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრი გაუუქმდეს გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც.

 

პროცედურული საკითხები

 

პირობით მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, პრობაციის ბიურო შუამდგომლობით მიმართავს მუდმივმოქმედ კომისიას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებისათვის, სხვა პირობებთან ერთად სავალდებულოა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარდგენა პრობაციის ბიუროსათვის, რათა ამ ორგანომ შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ კომისიას.

 

მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი სახის გადაწყვეტილება:

 

ა) მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ;

 

ბ) მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ;

 

გ) ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის შესახებ;

 

დ) ჩამორთმეული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ;

 

ე) ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობის სპეციფიკა

 

მუდმივმოქმედი კომისია, როგორც წესი, თავის მორიგ სხდომაზე განიხილავს – სხდომის ჩატარებამდე ორი სამუშაო დღით ადრე მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს. ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ შეტანილ განცხადებებს კომისია პერიოდულად განიხილავს მორიგ ან, აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალურ სხდომაზე.

 

მუდმივმოქმედი კომისიის განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. თუ კომისია ჩათვლის საჭიროდ მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულისაგან, ატარებს ზეპირ მოსმენას.

 

შუამდგომლობის განხილვა

 

მუდმივმოქმედი კომისია გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის გამოსაცდელი ვადის მოხდას, დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ პირობებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, ასევე სხვა გარემოებებს, რომლებიც ახასიათებს მას.

 

კომისიისადმი განმეორებით მიმართვა

 

თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

 

კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

 

მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

FaceBook Twitter Google
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234