მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება

 

მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პატიმრობის კოდექსის ამოქმედებასთან ერთად შეიქმნა ადგილობრივი საბჭოები, რომელიც არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.

 

აღნიშნული მექანიზმი შესაძლებლობას იძლევა ეფექტურად და ობიექტურად იქნეს განხილული თითოეული მსჯავრდებულის პირადი საქმე და საჭიროების შემთხვევაში, საბჭომ უშუალოდ მსჯავრდებულთან გასაუბრების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

 

აღსანიშნავია, რომ საბჭოების მუშაობაში მონაწილეობენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

 

საბჭოები უწყვეტი მუშაობის რეჟიმში ყოველთვიურად იხილავენ მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხებს.

 

პროცედურული საკითხები:

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N138 ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

გ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

დ) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ე) ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.

 

 

მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

 

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

 

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

 

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;

 

დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ,,პატიმრობის კოდექსის“ მე-40 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

 

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

 

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

 

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

 

მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი.

 

მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

 

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

 

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;

 

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

 

დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ,,სისხლის სამართლის“ კოდექსის 72- ე მუხლის მე -6 ნაწილის საფუძველზე.

 

მსჯავრდებულს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

 

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.

 

მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი.

 

მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.

 

საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

 

ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე;

ბ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე

 

საბჭოს მუშაობის სპეციფიკა:


საბჭო როგორც წესი, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე საბჭოში შემოსული შუამდგომლობები, რომლებიც წარმოებაში იქნება მიღებული, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე.

 

საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით.

 

საბჭოსადმი მიმართვა:


თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ სამ თვეში.


საბჭოსადმი განმეორებით მიმართვა:

თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხებზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.

 

საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება:

 

საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.

FaceBook Twitter Google
«« სექტემბერი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30