პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ალექსანდრე გუჭაშვილი აცხადებს პენიტენციურ დაწესებულებაში უბნები დროულად გაიხსნა და არჩევნები ექსესების გარეშე მიმდინარეობს. მისი თქმით, აქტივობა ნორმალურია და მადლობას უხდის ციხის ადმინისტრაციას არჩევნების პროცესის კანონის მოთხოვნების დაცვით ორგანიზებისთვის.

მსჯავრდებულის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნები კანონის დაცვით მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა ხმა ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა.

დამკვირვებლის პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სანდრო ალავერდაშვილის განცხადებით, არჩევნების პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს და ჯერჯერობით არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.


FaceBook Twitter Google