ზვიად მიხანაშვილი: „მოხარული ვარ, რომ საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომელზეც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრეს”

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, ზვიად მიხანაშვილი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანის მოხვედრას ეხმაურება.

აღნიშნული ინიციატივა და მასში შემავალი ქვეყნები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმას, მრავალი მიმართულებით მოჰყვა გარღვევა და პროგრესი.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომელზეც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრეს. ბოლო წლების განმავლობაში ქართულ პენიტენციურ სისტემაში მრავალი მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრესი. რეფორმის პროცესი რთული იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ პენიტენციურ სისტემაში, ერთი მხრივ, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, შენარჩუნებულიყო სარეჟიმო პირობები და უსაფრთხოების ნორმები. ამ ოქროს შუალედის დაცვით მიმდინარეობდა პენიტენციური სისტემის რეფორმა“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა, რომლის თქმით, რეფორმის ამოსავალი წერტილი იყო მრავალფეროვანი სოციალური პროგრამების მიწოდება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პენიტენციური სისტემის მართვის მხრივ განსაკუთრებული როლი ითამაშა მსჯავრდებულების რისკების მიხედვით დაყოფამ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში, მსჯავრდებულებს მიეცათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება დისტანციური სწავლების გზით, ასევე პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მათ სამსახურის მოძიებაში დაეხმარებათ. ეს კი, განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკს გამორიცხავს.

ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, გაიხსნა სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება. სადაც განთავსებულები არიან დაბალი რისკის მსჯავრდებულები, რომელთაც სასჯელის მოხდამდე არაუმეტეს 1 წელი აქვთ დარჩენილი. ამ დაწესებულების მსჯავრდებულებს უქმე და სადღესასწაულო დღეებში დაწესებულების დატოვება შეუძლიათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ ცნობას დამსაქმებლისგან, სამუშაო განრიგიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაწესებულება ყოველდღიურად დატოვონ.

როგორც ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა გარღვევა მოხდა პენიტენციურ ჯანდაცვაშიც.

„პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით მიმდინარეობს С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, ასევე, დაძლეულია ტუბერკულოზი. რაც არაერთხელ აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავის ბოლო რეპორტში დააფიქსირა, რომ საქართველოში წარმატებით ხორციელდება ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა“.
.

FaceBook Twitter Google