იუსტიციის მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესის დადებითი შეფასებისათვის.

იუსტიციის მინისტრის საუბრის ძირითადი თემები იყო ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესი ევროპული ქვეყნების სამართალთან; სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია და ეფექტური ბრძოლა ოჯახში ძალადობასთან; პირადობის დამადასტურებელი უსაფრთხო დოკუმენტები; სასამართლო რეფორმების უკვე განხორციელებული სამი ტალღა და დაგეგმილი რეფორმა კომერციული პალატების შემოტანის მიზნით; ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროცესი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის სფეროში გატარებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებებს, მათ შორის, სისხლის სამართლის პროცესსა და სასჯელაღსრულების სისტემაში. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სისხლის სამართლის სფეროში შემოღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ბავშვთა უფლებების მაღალი ხარისხით დაცვა პენიტენციურ სისტემაში შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნებისათვის მისაბაძი მაგალითი და იქვე დასძინეს, რომ ახლა საჭიროა, ჩატარდეს საფუძვლიანი სამუშაო სრულწლოვან პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნისას.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ქვეყნის პროგრესს დემოკრატიზაციისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები და შეფასებები. 2017 წელს კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში განხორციელებული რეფორმებით და 2016 წლიდან "OGP"-ის თავმჯდომარეობს. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, მინისტრის თქმით, ეს არის კომპლექსური და რთული, მაგრამ მაინც წარმატებული პროცესი, რომელიც გრძელდება, რათა დარჩენილი ხარვეზები შეივსოს. პროცესის ამ ეტაპის წარმატებაზე მოწმობს, თუნდაც, გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებლის ზრდა, მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული სასამართლო დავების მაღალი რიცხვი, ისევე, როგორც ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საქმეთა საგრძნობლად მცირე ოდენობა. სტუმრებმა შენიშნეს, რომ მოსამართლეთა რიცხვისა და მათი ხელფასების ზრდის გარეშე რთული იქნება დამოუკიდებლობისა და სწრაფი მართლმსაჯულების გარანტიებზე საუბარი, რაც რეალური გამოწვევაა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეშვიდე სხდომის ფარგლებში იმყოფება.


ორდღიანი სესია მუშაობას დღეს დაასრულებს.

FaceBook Twitter Google