იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი; პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა აბაშიშვილი და სამსახურის 500-მდე თანამშრომელი.

პროფესიულ დღესასწაულს უწყების თანამშრომლები იუსტიციის მინისტრთან ერთად წელს პირველად აღნიშნავენ. მიმდინარე წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პენიტენციური სამსახური იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში მოექცა.

თეა წულუკიანმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისათვის და მრავალი წლის შემდეგ მშობლიურ სამინისტროში დაბრუნება მიულოცა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო იმ თანამშრომელთა როლი, რომლებიც 30 წელი და მეტია, სასჯელაღსრულების სისტემას ემსახურებიან. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა სასჯელაღსრულების მიმართულებით განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, რათა ეს სისტემა კიდევ უფრო პროგრესული და თანამედროვე გახდეს. პრიორიტეტებად დასახელდა პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და გათავისუფლებისათვის მომზადება; დაწესებულებებში სოციალური მუშაკების როლის გაზრდა; პატიმრებთან უშუალოდ მომუშავე თანამშრომელთა მიზერული ხელფასების ზრდა და უნიფორმებით აღჭურვა; ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, რამაც სისტემას ციხეების ევროპული ტიპის მენეჯმენტის საშუალება უნდა მისცეს; არა მხოლოდ პატიმრებისათვის, არამედ თანამშრომლებისთვისაც ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიული დღე 8 სექტემბერს 2015 წლიდან აღნიშნება


FaceBook Twitter Google