კახა კახიშვილმა N7 პენიტენციური დაწესებულება ოფიციალურად დახურა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება ოფიციალურად დახურა. დაწესებულების დახურვის ცერემონიას სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ძველი დაწესებულების დახურვის პარალელურად გაიხსნა ახალი N 7 პენიტენციური დაწესებულება. მაღალი რისკის დაწესებულება 29 მსჯავრდებულზეა გათვლილი და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

„დავხურეთ N 7 პენიტენციური დაწესებულება და დღეს მსჯავრებულები ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. რა თქმა უნდა, ციხე ციხეა, ის უნდა იყოს იმ სტანდარტებში, რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც სარეჟიმო პირობები, ისე ადამიანის უფლებები, “ – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ახალ N 7 მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოყოფილია სპეციალური სივრცე გრძელვადიანი პაემნებისთვის, რომელიც აღჭურვილია საჭირო ავეჯით, ტექნიკით, გაგრილებისა და გათბობის სისტემით. დაწესებულებაში განთავსებულია ადვოკატთან შეხვედრის ოთახი. საცხოვრებელ სივრცეში მოწყობილია სამზარეულო, სველი წერტილი და საძინებელი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების მოწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ახალგახსნილი დაწესებულება უკვე დაათვალიერეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უფლებადამცველებმა და აღნიშნეს, რომ ახალ N 7 მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა ცივილიზებულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში მოუწევთ.

FaceBook Twitter Google