ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს გაეცნო
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილეს ზვიად მიხანაშვილსა და უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას ზვიად მიხანაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ გატარებული რეფორმების, სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციასა და პენიტენციურ ჯანდაცვას, რომლის ხარისხი რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყურადღება გამახვილდა სისტემაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა სტუმრებს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ალტერნატიული სასჯელის სახეებით, მსჯავრდებულების დასაქმების პროგრამებით დაინტრესდნენ, რაზეც ზვიად მიხანაშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს სამინისტროს ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელის მიხედვით, მსაჯვრდებულს შეუძლია იმუშავოს და პატიმრობის ვადა შეიმციროს.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ქართულ გამოცდილებას გაიზიარებენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია N16 პენიტენციურ დაწესებულებას მოინახულებს და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნობა.


FaceBook Twitter Google