კახა კახიშვილი საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამინისტროში გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა:

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადადის, რომელიც 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.
  • N7 პენიტენციური დაწესებულება 26 ივნისს დაიხურება.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური აღჭურვილობები დამონტაჟდება, რომლის გამოყენებით, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო სხდომები ჩატარდება.
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელთა შემოწმების სამსახურს ქმნის.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში Paybox –ის აპარატების მეშვეობით ყიდვის პროცედურები გამარტივდება.
  • უწყება გარე პერიმეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვაზე ეტაპობრივად გადადის. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, სამ დაწესებულებაში უკვე განხორციელდა თანამედროვე ტექნოლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბიზნესექტორის წარმომადგენებს მიმართა და პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილების შექმნისკენ მოუწოდა.

კახა კახიშვილმა კანონმდებლებს რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
FaceBook Twitter Google