სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე პროექტ „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.
პროექტის ფარგლებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმის, კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ადვოკატირების უნარების გაღრმავებასა და მათთვის თემატური ტრენინგების ჩატარებას.

პროექტი „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს - მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა და სასჯელის ახალი ფორმის - შინაპატიმრობის ამოქმედება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ფიქრობს, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პენიტენციური სისტემის სამოქალაქო მონიტორინგს, ასევე სტანდარტების გაუმჯობესებას. „საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების ანალიზს. დაიგეგმება სამომავლო სამუშაო პროცესი, რაც ძალიან დაეხმარება პენიტენციური სისტემის განვითარებას და ახალი ინიციატივების განხორციელებას. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პენიტენციური სისტემის გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი, ცირა ჭანტურია ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება იგეგმება, იქნება ეს კვლევები თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამოქმედო გეგმები. „სამოქალაქო საზოგადოება გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს იმის თაობაზე, თუ როგორია პროგრესი, რა გამოწვევები რჩება. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას მიმდინარე რეფორმების თაობაზე“.

პიტერ დენისი, მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში: „ევროკავშირი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მჭიდროდ და დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და გავატარეთ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებისათვის უნდა გახდეს ცნობილი, რათა ნახონ მიღწეული შედეგი. ასევე სასჯელაღსრულების მინისტრთან ვაპირებთ, განვიხილოთ მომავალი ხედვა რეფორმებთან და პენიტენციური სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით“.

პროექტში ჩართული მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

FaceBook Twitter Google