ზვიად მიხანაშვილი ნარკოპოლიტიკის საკითხებზე გლობალური კომისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ნარკოპოლიტიკის საკითხებზე გლობალური კომისიის წევრებს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ზვიად მიხანაშვილმა ხაზი გაუსვა პენიტენციურ დაწესებულებებში პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, ასევე ყურადღება გაამახვილდა - C ჰეპატიტის ელიმინაციის, ტუბერკულოზისა და სუიციდის პრევენციის წარმატებით განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში წამალდამოკიდებული ბენეფიციარების მკურნალობის მიდგომების შესახებ. როგორც ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, პენიტენციურ სისტემაში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ შესაბამისი მკურნალობით ისარგებლონ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში უწყება ჩართულია და ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე გლობალური კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს სამინისტროს წარმომადგენელებმა კომპეტენციის ფარგლებში ამომწურავად უპასუხეს.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრისა და პრაღის ყოფილი მერის, პაველ ბემის განცხადებით, ის ძალიან აფასებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიდგომას და ზოგადად საქართველოს გადაწყვეტილებას ნარკოპოლიტიკის რეფორმირებასთან დაკავშირებით, ნარკოტიკული საშუალებების საკუთარი მოხმარების ნაწილში დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, ნარკოპოლიტიკის საკითხებზე გლობალური კომისიის წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობისთვის.

 

FaceBook Twitter Google