ზვიად მიხანაშვილი აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, სამინისტროს წარმომადგენელებთან ერთად აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL), ევროპისა და აზიის ქვეყნების პროგრამების დირექტორს, ერინ სოიერსა და (INL) დირექტორს მაიკლ მაკმენს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ზვიად მიხანაშვილმა ბიუროს წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პენიტენციურ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, სასჯელის ახალი სახის_შინაპატიმრობის ამოქმედებაზე. ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, შეიქმნა გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულებს განათლებისა და დასაქმების მიზნით, ასევე, დასვენებისა და უქმე დღეებში დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მიეცათ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე პროფესიული და საგანამანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას, როგორც ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა, მსგავსი პროექტები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს, რაც მათ გათავისუფლების შემდეგ დასაქმებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში დაეხმარებათ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისიტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა (INL) ბიუროს წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„სტუმრებს გავაცანით სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, ასევე, ვისაუბრეთ იმ ერთობლივ პროგრამებზე, რომელიც წარმატებით მუშაობს ჩვენს უწყებაში. მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმ გეგმების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც მიმდინარე წელს ვგეგმავთ. უახლოეს პერიოდში სამინისტროდან მაღალი რანგის დელეგაცია მიემგზავრება აშშ-ში ახალი პრაქტიკის შესასწავლად და ქართულ მოდელზე მოსარგებად, რაზეც შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ“, _განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL), ევროპისა და აზიის ქვეყნების პროგრამების დირექტორმა, ერინ სოიერსმა სამინისტროში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

„შთამბეჭდავია ის, რაც N16 დაწესებულებაში ვიხილეთ. დავათვალიერეთ დაწესებულების საცხოვრებელი ოთახი, ვნახეთ, რა პირობებში არიან მსჯავრდებულები და როგორი სერვისები მიეწოდებათ. ასევე, გავეცანით პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლითაც მსჯავრდებულები სარგებლობენ. ნანახი მეტყველებს სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ პროგრესზე“, _ განაცხადა ერინ სოიერსმა.



FaceBook Twitter Google