კულინარიის კურსში ჩართულ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების პროფესიული მომზადების პროგრამა დასრულდა და მასში ჩართულ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. კულინარიის კურსი 20-მა მსჯავრდებულმა გაიარა და ის 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კულინარიის კურსის დახურვის ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები, დაწესებულების ადმინისტრაცია, (INL) დირექტორი მაიკლ მაკმენი და პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ დირექტორი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენელი იყო კულინარიის კურსში ჩართული მსჯავრდებულების მიერ მომზადებული სხვადასხვა სახის კერძი და ტკბილეული.

კულინარიის კურსს ცნობილი შეფ-მზარეული მანუელი უძღვებოდა, რომელმაც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევები და სპეციფიკა შეასწავლა. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალურ სივრცეში მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით, სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროფესიული კურსი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მომავალშიც გაგრძელდება.

კულინარიის ექვსთვიანი კურსი ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი" განახორციელა.


FaceBook Twitter Google