კახა კახიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან და შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს. ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთვება.

კახა კახიშვილის განცხადებით, ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში კომისიის წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უშუალოდ მსჯავრდებულთან ზეპირი გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემათ.

"საქართველოს პრეზიდენტთან და შეწყალების კომისიის წევრებთან ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, რაც გვაქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება ინფორმაციის უფრო სწრაფი გაცვლა. აუცილებელია, ერთი მხრივ, ჰუმანური აქტები იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს ტრაგიკულ შემთხვევებს. დაზღვეული არავინაა, დანაშაული ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ ჰქონია ციხესთან შეხება. ვერასდროს გამოვრიცხავთ ასეთ შემთხვევებს, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რათა ტრაგიკული მოვლენებისგან ვიყოთ დაცული", – განაცხადა კახიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განაცხადებით, მათთვის მისაღებია მინისტრის ინიციატივა, რომ კომისიის შემადგენლობაში ჩართული იყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი.

"მნიშვნელოვანია პროცესი იქნას გაუმჯობესებული, ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე, რომელიც პროცესს გააუმჯობესებს".- განაცხადა აბაშიშვილმა.

FaceBook Twitter Google