სასჯელაღსრულების სამინისტროში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პენიტენციური რეფორმის განახლებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე 2018-2022 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის განახლებული ფორმატი განიხილეს. 2017 წელს გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წამოადგინეს სამინისტროს საერთაშირისო ურთიერთობების, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტების, ასევე, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა.

შეხვედრის შემდეგ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, უწყებათაშორისი კომისიის წევრებს პენიტენციური რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში გააცნეს.

"შეიქმნა სრულიად ახალი ფორმატი, ბევრად მოქნილი და დროში გაწერილი გეგმა მუშავდება. კომისიის წევრებისგან გვინდოდა, რომ ახალ ფორმატთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები მოგვესმინა. უახლოეს პერიოდში კვლავ მივუბრუნდებით ამ საკითხს და საბოლოოდ, შევაჯერებთ სისხლის სამართლის რეფორმის სამოქმედო გეგმის ახალ ფორმატს, რომელიც 2018-2022 წლამდე მოქმედებაში შევა," - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ ხაზი გაუსვა უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობას.

"ამ ჯგუფის არსებობა არის იმის გამოხატულება, რომ პენიტენციური სისტემა გამჭვირვალე გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს არა მარტო მონიტორინგის, არამედ პროცესებში ჩართვის, საკანონმდებლო დონეზე რეკომენდაციების შემოტანის, კონკრეტული შემთხვევების განხილვის, ასევე, სასჯელასრულების სამინისტროს წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებაც აქვთ, რაც ძალიან დიდი პროგრესია," - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამაცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Google