ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელო მომზადდა
ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელო მომზადდა.

სახელმძღვანელოს მიზანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრატეგიისა და რეფორმების მხარდაჭერა წარმოადგენს და ამოცანად უწყების საქმიანობის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად წარმართვის, სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების, პატიმართა უფლებებისა და ადმინისტრაციის ვალდებულებების შესახებ ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობას ისახავს.

საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელო აერთიანებს უნივერსალური და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების - გაერთიანებული ერების, ევროპული კავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. სახელმძღვანელოში გაერთიანებული სტანდარტები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა სისტემის ყველა რგოლისათვის და რელევანტურია სამინისტროს მოქმედების არეალის ყველა სფეროში.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენ წარმოვადგინეთ პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელო, რომელიც ვფიქრობ, სამინისტროს თითოეული თანამშრომლის სამაგიდო წიგნი გახდება. ჩვენი თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში. წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით დისკუსიაზე რამდენიმე საკითხი შეჯერდება და დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს,” - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის გუნდის ხელმძღვანელის, რანდელ ბაროუზის განცახდებით, სახელმძღვანელო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების გაგრძელებაა.

„სახელმძღვანელო აერთიანებს რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს. იგი ადგილობრივი ექსპერტისა და სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერაა შედგენილი. აღსანიშნავია, რომ მიღწეულ პროგრესთან ერთად, ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, თუ რა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს და რომ ქართული პენიტენციური სისტემა ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის სტანდარტების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას უპასუხებს,“ - აღნიშნა რანდელ ბაროუზმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სურვილმა, მისი საქმიანობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან სრულ თანხვედრაში ყოფილიყო, საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე მომზადების საჭიროება წარმოშვა.

FaceBook Twitter Google