სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის წინასაახალწლო ღონისძიება გამართა. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობასა და მათ შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა პირადად მიულოცა. ღონისძიებას 2008 წლის აგვისტოს ომში უწყების დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის წევრები და ბავშვები დაესწრნენ.

პატარებისთვის მუსიკალური ნომრები მომღერლებმა ნინი ქარსელაძემ, მარიკა თხელიძემ, თიკა ჯამბურიამ და ჯგუფმა „ქუჩის ბიჭები“ შეასრულეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მას სურდა მოწვეულ ბავშვებს ენახათ, თუ სად და რა პირობებში მსახურობენ მათი მშობლები. „ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სამინისტრო სხვადასხვა დაწესებულებებში ღონისძიებებს მართავს. სპეციალური დანიშნულების რაზმის ბაზაზე მომსახურე ბიჭების შვილები მოვიწვიეთ. მათ მართლაც საამაყო მშობლები ყავთ. მსურს ამ ბავშვებს, მათ მშობლებსა და მთელს ქვეყანას, წარმატება და წინსვლა ვუსურვო,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ზურა ხაჩიძის განცხადებით, კოლეგებთან ერთად ის აქტიურად მონაწილეობს სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებებში. „სამინისტრომ უყურადღებოდ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები და მათი ოჯახები დატოვა. ის რასაც სამინისტრო აკეთებს, მნიშვნელოვანია, შესაბამისად ჩვენც დიდი სიამოვნებით ვუერთდებით მათ ყოველ წელს. წარმატებებს ვუსურვებ თითოეული სპეცრაზმელის ოჯახს,“-განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა თანამშრომლებისა და მსჯვარდებულების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

ღონისძიების დასასრულს, თოვლის ბაბუამ და მოწვეულმა მომღერლებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
FaceBook Twitter Google