აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL)

აშშ-ს საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის ივნისში შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც აშშ-ს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL) რუსთავის №16 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაკავშირებით საპილოტე პროექტი განახორციელა. პროექტის ძირითადი სასწავლო ღონისძიებების თემებს წარმოადგენდა: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მართვა; სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შემუშავება; სასწავლო ცენტრის საქმიანობა; ცენტრის ინსტრუქტორთა მომზადება; თავისუფლებააღკვეთილ პირთა კლასიფიკაცია და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, აშშ-ს მთავრობამ ჯამში 1 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მუდმივ რეჟიმში იმართებოდა სამუშაო და საკონსულტაციო შეხვედრები სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა - მსჯავრდებულთა ქცევაზე დაფუძნებული რისკების შეფასების მეთოდოლოგია და თავისუფლებააღკვეთილ პირთა კლასიფიკაცია; მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამედროვე, დეცენტრალიზებული ტიპის მართვა (Unit Management) და სხვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის ათობით თანამშრომელი იმყოფებოდა ვისკონსის შტატის სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში სასწავლო ვიზიტით, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ მოწინავე პრაქტიკას, აიმაღლეს კვალიფიკაცია და გადამზადდნენ კოლორადოს შტატის სასჯელაღსრულების საერთაშორისო სასწავლო ცენტრში.

აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება ერთობლივი პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომელიც დაქტილოსკოპიური ერთიანი ბაზის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა და პერსონალის მომზადება.

FaceBook Twitter Google