მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 1951 წელს დაარსდა. მისი წევრები არიან სახელმწიფოები და საერთაშორისო და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები. ორგანიზაციის საქმიანობაა მიგრაციის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა მიგრანტებისთვის, მათ შორის ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

ორგანიზაციის ხელშეწყობით ტარდება ტრენინგები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებისათვის. საქართველო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 2001 წელს გახდა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორის ორგანიზაციის (IOM) თანამშრომლობა, რომელიც, ძირითადად, პრობაციის სისტემის თანამშრომელთა ტრენინგების მხარდაჭერაში გამოიხატებოდა, ბოლო პერიოდში აქტიურ ფაზაში შევიდა და მისი არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა შპს „პერსპექტივამ“ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა IOM-ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური საწარმოს შექმნას.

IOM-ის მიერ გამოყოფილი გრანტითა და შპს „პერსპექტივას“ თანადაფინანსებით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ბაზაზე 2015 წელს შეიქმნა სოციალური საწარმო, სადაც ორი წლის განმავლობაში, მინიმუმ 25 წარსულში ნარკოდამოკიდებულების პრობლემის მქონე პირი დასაქმდა, მათ შორის თავისუფლებაშეზღუდულები და პრობაციონერები. საწარმო უშვებს ხის მცირე ზომის სათამაშოებს, რომლის გასაღებაც ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. დასაქმებული ბენეფიციარები ფულად ანაზღაურებას იღებენ, გარდა ამისა, შრომითი თერაპია მათ რეაბილიტაციის პროცესში ეხმარება.


ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.iom.int/
FaceBook Twitter Google