გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ითვალისწინებს. 2009 წლიდან UNICEF-ი მჭიდროდ თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში, რათა უკეთ იქნას დაცული ბავშვთა უფლებები პრობაციასა და პენიტენციურ სისტემაში.

UNICEF-ის მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა, რომელიც მულტიდისციპლინარული გუნდის ერთობლივი მუშაობით ავლენს მოზარდთა სასწავლო და სარეაბილიტაციო საჭიროებებს და რისკების ინდივიდუალურად შეფასებას ახდენს.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე და UNICEF-ის დახმარებით მომზადება გაიარეს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, პრობაციის ოფიცრებმა და შესაბამისმა პერსონალმა. სპეციალიზირებული ტრენინგები გაიარეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმაც. რეგულარულად ტარდება შეხვედრები თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატით.

გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა და ახალი „არასრულწლოვანთა კოდექსის“ გათვალისწინებით დამტკიცდა სამინისტროს სამოქმედო გეგმის ნაწილი არასრულწლოვანთა თემატიკაზე. გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე, ევროკავშირისა და ევროკავშირის პროექტის - "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" - მხარდაჭერით მოამზადა.

კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იგი ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს: არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა; ნასამართლობის გაქარწყლება; ინდივიდუალური მიდგომა; პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში; მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები; პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა. კოდექსი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა.

გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს შორის 2015 წლის 3 ნოემბერს საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მომზადდა და დონორ ორგანიზაციას წარედგინა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისათვის“ - ნარატიული და ფინანსური ანგარიშები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.

გაერო–ს ბავშვთა ფონდი (UNICEF), რომელიც მრავალი წლის მანძილზე აქტიურადაა ჩაბმული პრობაციის სისტემის რეფორმირების პროცესში, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს არასრულწლოვან პრობაციონერების მიმართ მოპყრობის ევროპული სტანდარტების დანერგვაში. სწორედ UNICEF-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა, შემდგომი თანამშრომლობის შედეგად კი, არასრულწლოვანთა რისკებისა და საჭიროებების ფორმების შემუშავება, არასრულწლოვნებთან მოპყრობის საკითხებზე თანამშრომელთა გადამზადება და სარეაბილიტაციო სერვისების ბაზის ფორმირება.

პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და UNICEF-ს შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, არასრულწლოვანთა საქმისწარმოების წესების პროგრამით გადამზადდნენ სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს თანამშრომლები. ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი წინასასამართლო ანგარიშის კონცეფციის შექმნის პროცესში.

FaceBook Twitter Google