გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი (გიფ - თბილისი)
ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” წარმოადგენს არაკომერციულ, არასახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობებს, უნივერსიტეტებსა და განვითარების ხელშემწყობ სხვა დაწესებულებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებაში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ორგანიზაციამ სახელწოდებით „ჟენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი” – როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა მხარდამჭერმა, ცენტრმა მოღვაწეობა 2003 წლის მაისში დაიწყო. 2005 წლის აპრილში ორგანიზაცია დარეგისტრირდა, როგორც ადგილობრივი ფონდი და მას „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” (გიფ-თბილისი) ეწოდა.

გიფ-თბილისი თავის მისიად მიიჩნევს მსოფლიოში ჰუმანური, ეთიკური და ეფექტური ფსიქიკური დახმარების სამსახურების ხელშეწყობას და ცალკეულ პირთა და ორგანიზაციათა გლობალური ქსელის მხარდაჭერას მათ მიერ პროგრესული რეფორმების შემუშავების, ლობირებისა და განხორციელების მიზნით.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გიფ-თბილისი აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.

  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, გიფ-თბილისი და გიფ-ჰილვერსუმი, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა”;
  • 2010 წლის დეკემბრიდან დაიწყო 15 თვიანი პროექტი „პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა მათი ჯანდაცვის უფლებების, მათ შორის ფსიქიკური ჯანდაცვის უფლების ხელშეწყობის გზით”. პროექტის მიზანი იყო პატიმართა უფლებების ხელშეწყობა და დაცვა, კერძოდ, ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელშეწყობა და პენიტენციარულ სისტემაში ფსიქიკური ჯანდაცვის ეფექტური განხორციელება;
  • 2011 წლის აპრილიდან გიფ-თბილისმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დახმარების საკითხთა სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო ინოვაციური პროექტი, რომელიც გულისხმობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამსახურის დანერგვას ქალთა N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ფსიქიატრის, ფსიქოლოგებისა და კლინიკური სოციალური მუშაკისგან შემდგარი მულტიდისციპლინარული მობილური ჯგუფი წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალებს სთავაზობს დახმარებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

გიფ-თბილისი არის სასჯელაღსრულების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და რეაბილიტაციის ცენტრ GCRT-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ერთ-ერთი მხარე. მემორანდუმი მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში რეფორმის მიმდინარეობის რეგულარულ მონიტორინგს.

FaceBook Twitter Google